ა.წ. 03-05 ივნისს სტატისტიკის საერთაშორისო ინსტიტუტის (ISI) მიწვევით თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის პროფესორი თეიმურაზ ბერიძე იმყოფებოდა ლა ვალეტას უნივერსიტეტში, მალტაზე, სადაც მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციის „რეგიონული სტატისტიკა“ მუშაობაში. კონფერენციის დღის წესრიგი იყო წარმოდგენილი საკმაოდ ფართე სპექტრით - მიკრო-მაკროეკონომიკური, რეალური სექტორის, საგარეო ვაჭრობის, ხელოვნური ინტელექტის, სოციალური, ინვესტიციების და სხვა სტატისტიკა.
პროფესორი თეიმურაზ ბერიძე კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით - „საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო პოტენციალი“. მოხსენებაში ხაზგასმული იყო ინვესტიციების (მათი ოპტიმიზაციის) მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისათვის. წამოყენებული იყო ჰიპოტეზა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში გადაჭარბებულმა ინვესტიციებმა შეიძლება ეკონომიკის გადახურება (the overheating of the economy) გამოიწვიოს, აგრეთვე ხელი შეუწყოს საზოგადოებასა და ეკონომიკაში კორუფციის გაჩენას (corruption in economy), რაც შეაჩერებს მის ეკონომიკურ ზრდას. ე.წ. „წარმოების შესაძლებლობების მრუდმა“ შეიძლება პირობითად იმოქმედოს ეკონომიკაში გადაჭარბებული ინვესტიციების შემზღუდველად. ზედა წერტილი, რომელიც მდებარეობს საწარმოო შესაძლებლობების მრუდის გარეთ (მიუწვდომლობა), პირობითად შეიძლება ჩაითვალოს გადაჭარბებული ინვესტიციის მიზანშეწონილობის მანიშნებელ წერტილად.
